Tuesday, April 14, 2009

დღის მატარებელი

გუშინ სამტრედიიდან დღის მატარებელს მოვყვებოდით. ბილეთი: 5 ლარი. გამოდიოდა 12:30–ზე, ჩამოდიოდაი 6:20–ზე. სამტრედიაში ერთდროულად ორი მატარებელი ჩამოდგა – ზუგდიდი–თბილისი და ოზურგეთი–თბილისი. ჩვენ ოზურგეთისაში გვქონდა ბილეთები და რომ ჩავსხედით მერე მიგვაჯახეს ზუგდიდს და ერთად დავიწყეთ გრძელი გზა დედაქალაქისკენ.

მგზავრობა ისეთი რამეა, თან ამდენი საათი, უნდა დალიო. სანამ ჭუჭყიან ფანჯარასთან მე სიმონა დე ბოვუარს ვკითხულობდი, გვერდითა სკამებზე ორ კაცს წინ პლასტმასის ბოთლები ელაგათ. ბოთლები მეორადი იყო. შიგნით რა ესხა არ დავკვირვებივარ, მაგრამ ერთი ბოთლს მეორის თავსახური ეხურა და ასე. მე ყურში მუსიკა მქონდა გარჭობილი, ისინი სვამდნენ. ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაგრამ სხვადასხვანაირები ვიყავით. ჩვენ საერთო ენა გვქონდა, მაგრამ სხვადასხვანაირად ვსაუბრობდით. ისინი მალე გაითიშნენ და დაიძინეს. ცოტა ხანში ერთს გაეღვიძა და გულის გადახსა მოუნდა. ჩემს მეგობარს ტელეფონში თავისი ბავშვის ფოტო აჩვენა.
–აბა თუ მიხვდები რამდენი წლის არის.
დათომ უთხრა – რავი, იქნება ასე ხუთის.
– არა, სამის არის, – ისე უთხრა იმ კაცმა, რომ დათოს პასუხი ზუსტად ის იყო, რასაც ის კაცი ყველაზე მეტად მოითხოვდა.
– ვაა...

მერე მალე ამ კაცმა ხელი გადმოაგდო და ისე დადო ზედ თავი, რომ როდესაც გაიღვიდძებდა იმ ხელს დიდ ხანს ვერ იგრძნობდა. თან ორივეს ხვნეშა აღმოხდებოდა შიგა და შიგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მატარებელი ერთი სადგურიდან დაიძრებოდა და ისეთ "ძორგანიეს" მისცემდა რომ თავს წინა სკამზე მიარტყამდი.

დღის მატარებელი აქამდე ერთი ვიცოდი. თბილისი–ბათუმი–თბილისი. ბათუმი და თბილისი საშინლად განსხვავდება ყველაფერი დანარჩენისგან. რატომ ვერასოდეს ვერ ვიმახსოვრებ ამას. ეს მატარებელი ძალიან ჭუჭყიანი იყო და მის ტუალეტში თითოეული იმ ადამიანის კვალი იგრძნობოდა, რომელიც იქ ოდესმე შესულა. ტუალეტი ამ მატარებელში იყო ხელოვნების ნიმუში. მისი გამოყენება იყო მძაფრი შეგრძნება. იქიდან გამოსულს ცოტა ხანს მარტო ყოფნა მინდოდა. სველი სალფეტკები რომ ამოვიღე და კეტების ძირები გავიწმინდე ჩემს სკამზე დავბრუდი და მოხარშული კვერცხი შევჭამე. მიკვირს, იმ ტუალეტის მერე მაშინვე რატომ მოვინდომე ჭამა. რომ ვჭამდი ამაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი რომ ვზივარ ტურტლიან სკამზე, რომელსაც სუნი ასდის, ჩემს გვერდით ძინავს ორ მთვრალ კაცს და ხვნეშენ. დაუბანელი თმები გადაზეპილი აქვთ. ახლახანს შევიგრძენი ყველაზე ბინძური ტუალეტი ჩემს ცხოვრებაში. რატომ ვჭამდი?

თბილისს რომ ვუახლოვდებოდით, ერთმა კაცმა გაიღვიძა და თვალები რომ გაახილა ბურდღუნებდა – სად ვარ, სად ვარ? რომელი საათია? სად ვარ?

2 comments:

ziko said...

ამ ბლოგს აწი სულ წავიკითხავ..

KLAKLA said...

:)) gadasarevi. madloba.